თაღლითობა

სახლების გირავნობით დაინტერესებულებისგან ₾461 306 მიითვისეს – 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

მათივე ცნობით, ოთიხვე პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა ბათუმში 16 დაზარალებულისგან 461 306 ლარი თაღლითურად მიისაკუთრეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლები იქირავეს და უძრავი ქონების გირავნობით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდნენ, თითქოს სესხის სანაცვლოდ აღნიშნული ბინების გირავნობით დატვირთვის და მათთვის დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლება გააჩნდათ, რის შედეგადაც 16 დაზარალებულისგან თაღლითურად 461 306 ლარი მიისაკუთრეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ და მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები