რუსული იმპერიალიზმი

საქართველოზე რუსეთის თავდასხმა კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო – ნავროცკი

პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი
Getty Images via RBC Ukraine

პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის თქმით, რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრა რუსული იმპერიალიზმის მორიგი გამოვლინებაა და "კრემლის ახალი იმპერიალიზმი" 2008 წელს საქართველოზე თავდასხმით დაიწყო.

ამის შესახებ ნავროცკიმ გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.

"როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ყველასთვის ნათელი არ ყოფილა, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო. სამწუხაროდ, ისტორიის ქარმა, რომელიც პოლონეთში ასე კარგად ვიცით და გვესმის, ქროლვა კვლავ დაიწყო". - თქვა ნავროცკიმ.

ნავროცკიმ ხაზი გაუსვა, რომ დრონების მიერ პოლონეთის საზღვრების დარღვევა "შემთხვევითობა" არ ყოფილა და ეს რუსეთმა განზრახ გააკეთა. 

"დაახლოებით ათობით დრონმა ჩემი ქვეყნის საზღვრები განზრახ დაარღვია. ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს მოხდა იმ ქვეყნის დედაქალაქში გაცემული ბრძანებით, რომელიც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია". - თქვა ნავროცკიმ.

ნავროცკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული დრონების მიერ მათი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პოლონეთს მტრული ობიექტებისთვის ცეცხლის გახსნა მსოფლიო ომიდან დღემდე პირველად მოუწია. მისივე თქმით, პოლონეთს ასეთ დროს ადეკვატური პასუხი ყოველთვის ექნება.

"ქალბატონებო და ბატონებო, გარწმუნებთ, როგორც პოლონეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და პრეზიდენტი, რომ პოლონეთს ყოველთვის ექნება ადეკვატური პასუხი და მზად არის, რომ საკუთარი ტერიტორია დაიცვას". - თქვა ნავროცკიმ.

ამასთან, გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ "საერთო ვალდებულებაა", რომ ასეთ დროს რუსეთს "პასუხი აგებინონ".

"ჩვენი საერთო ვალდებულება უნდა იყოს, რომ რუსეთს პასუხი ვაგებინოთ". - თქვა ნავროცკიმ. 

10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

12 სექტემბერს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრის საპასუხოდ NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის მცველს" იწყებს, რომლის მიზანიც ევროპის აღმოსავლეთი ფლანგის დაცვის გაძლიერებაა.

დღეს, 13 სექტემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ 40-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო განცხადება გაავრცელა, რომელშიც  პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთება არის გამოთქმული.

კომენტარები