თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, საგანგებო ყრილობაზე, ოზგურ ოზელი ლიდერად ხელახლა აირჩია. თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ყრილობა მოიწვია, რათა ოქტომბერში სასამართლო გადაწყვეტილებისგან, რომელმაც შესაძლოა მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება დაადგინოს, ოზელი და პარტიის სხვა ლიდერები დაიცვას.
ანკარის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დარღვევების გამო გააუქმოს თუ არა რესპუბლიკური პარტიის 2023 წლის ყრილობის შედეგები, სადაც ოზელი თავმჯდომარედ აირჩიეს. ოპოზიციონერების შეფასებით, ეს საქმე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ავტოკრატიულ მისწრაფებებზე აკეთებს აქცენტს.
სასამართლოს გადაწყვეტილება სექტემბერში უნდა მიეღო, თუმცა, მისი მიღება 24 ოქტომბრამდე გადაიდო.
რესპუბლიკური პარტიის წევრები იმედოვნებენ, რომ ოზელის ხელახალი არჩევით მისი გადაყენების რისკს შეამცირებენ.
პარტიის თორმეტი წევრი, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, კორუფციასა და პარტიული კანონების დარღვევაშია ბრალდებული. დანაშაულის ჩადენას ყველა მათგანი უარყოფს.





