19 სექტემბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გამო რუსეთის მიმართ ახალი სანქციების პაკეტი წარადგინეს.
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი მიიღო," განუცხადა ჟურნალისტებს ევროკომისიის სპიკერმა პაულა პინიომ ბრიუსელში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი მოგვიანებით სანქციების ახალი პაკეტის შესახებ დეტალურად ისაუბრებენ. ამის შემდეგ სანქციებზე თანხმობა ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოსგან იქნება საჭირო.
მანამდე, 13 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მოსკოვს მასშტაბური სანქციები დაუწესოს, როდესაც NATO-ს ყველა ქვეყანა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს და ჩინეთის წინააღმდეგ, აშშ-ს მსგავსად, ტარიფებს დააწესებს.
"თუ NATO გააკეთებს იმას, რასაც ვამბობ, ომი სწრაფად დასრულდება და ყველა ეს სიცოცხლე გადარჩება". - თქვა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპთან გამართული სატელეფონო ზარის შემდეგ ურსულა ფონ ფერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი რუსული ენერგორესურსების იმპორტის დაჩქარებულად შეჩერების წინადადებით გამოვა, რაც თავდაპირველად 2027 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა.





