საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

ლავროვი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საგარეო მინისტრებს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე მუშაობის ინფორმაცია რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.

შეხვედრა სოჭში, 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. თავდაპირველად ეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა მარიონეტ ლიდერს, ალან გაგლოევს უთხრა.

სექტემბრის დასაწყისში ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა. აქამდე, ამ წლის მაისში ის მოსკოვში იმყოფებოდა გამარჯვების დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე და ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა.

ლავროვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა 2024 წლის ოქტომბერშიც გამართა. ამას გარდა, 2025 წლის ივნისში შეხვდა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ახალ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ოლეგ ბარციცს.

 

კომენტარები