ჩარლი კირკის მკვლელობა

იუტას შტატის პროკურატურა კირკის მკვლელობაში ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ითხოვს

BBC News

აშშ-ში იუტას შტატის პროკურატურამ განაცხადა, რომ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებული 22 წლის პირის, ტაილერ რობინსონის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.

შტატის პროკურატურამ ასევე ახალი მტკიცებულებები გამოავლინა, მათ შორის, ტექსტობრივი შეტყობინებები, რომლებშიც, მათ თანახმად, რობინსონმა მკვლელობა აღიარა.

რობინსონს ბრალად შვიდი პუნქტი წარედგინა, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა, მტკიცებულებების მოშორებით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და რომანტიკული პარტნიორისთვის მამხილებელი შეტყობინებების წაშლის თხოვნით მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა. 

იუტას ოლქის პროკურორმა, ჯეფრი გრეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის მოთხოვნის გადაწყვეტილება "დამოუკიდებლად, მხოლოდ არსებულ მტკიცებულებებსა და გარემოებებსა და დანაშაულის ხასიათზე დაყრდნობით" მიიღო.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ბრალდებულმა დანაშაული თავის რომანტიკულ პარტნიორთან მიმოწერაში აღიარა.

მკვლელობის შემდეგ რობინსონმა თავის რომანტიკულ პარტნიორს მიწერა, რომ კლავიატურის ქვეშ შეეხედა, სადაც იყო ფიზიკური ხელნაწერი: "შესაძლებლობა მქონდა, რომ ჩარლი კირკი მომეკლა და ვაპირებ, რომ ეს გავაკეთო".

პროკურატურის საბუთების თანახმად, რობინსონმა შემდგომ პარტნიორს უპასუხა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა.

"მე ვარ [მკვლელი], ბოდიში". - დაწერა რობინსონმა.

დიალოგის ტრანსკრიპტის მიხედვით, რობინსონი თავდასხმას ერთ კვირაზე დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. მიმოწერაში რობინსონმა განმარტა, რომ კირკის მხრიდან "სიძულვილი ყელში ჰქონდა ამოსული" და "ზოგ სიძულვილზე მოლაპარაკებები შეუძლებელია".

გარდა ამისა, პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობის ჩასადენად სავარაუდოდ გამოყენებული იარაღის სასხლეტზე რობინსონის დნმ აღმოაჩინეს.

რობინსონი სასამართლოს პირველად გუშინ, 16 სექტემბერს თავისი საკნიდან ვიდეოთი ჩაერთო, სხდომის მიმდინარეობისას მხოლოდ საკუთარი სახელი განაცხადა და სხვა არაფერი უთქვამს.

მოსამართლე ტონი გრაფმა განაცხადა, რომ რობინსონს საკუთარი ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ სახაზინო ადვოკატს 29 სექტემბერს დაგეგმილ შემდეგ სხდომამდე დაუნიშნავს. 

სამართალდამცველების ცნობით, რობინსონი იუტას შტატის ციხეში გირაოს შესაძლებლობის გარეშე სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.


სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების თქმით, რობინსონი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ფოტოებზე საკუთარმა მამამ იცნო, რომელმაც შვილს მკვლელობის აღიარებისკენ მოუწოდა. რობინსონმა დანაშაული თავდაპირველად უარყო, შემდეგ კი აღიარა, რის შემდეგაც მამამ მას ჩაბარება ურჩია, თუმცა, რობინსონმა უარი თქვა. ამის შემდეგ ბრალდებულის მამა ოჯახის მეგობარ პასტორს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია სამართალდამცველებს შეატყობინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამართალდამცველებმა ასევე იპოვეს კირკის მკვლელობაში გამოყენებული შაშხანა და ვაზნები გრავირებული წარწერებით – "ჰეი, ფაშისტებო, დამიჭირეთ", "ბელა ჩაო" და "თუ ამას კითხულობ, გეი ხარ".

CNN-ის ინფორმაციით, რობინსონი პარტიული კუთვნილების გარეშეა რეგისტრირებული და უკანასკნელ ორ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, როგორც იუტას გუბერნატორმა, სპენსერ კოქსმა პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, ბრალდებულის ოჯახის წევრის თქმით, ტაილერი "უკანასკნელ წლებში პოლიტიკით უფრო მეტად დაინტერესდა და ჩარლი კირკს ხშირად აკრიტიკებდა". კოქსის თქმით, ერთ-ერთ ოჯახის წევრთან საუბრის დროს რობინსონმა თქვა, რომ "კირკი სიძულვილით იყო სავსე და სიძულვილს ავრცელებდა".

ამასთან, იუტას გუბერნატორის თქმით, ვაზნებზე აღმოჩენილი ანტი-ფაშისტური წარწერები მიანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა "პოლიტიკურ მკვლელობას".

10 სექტემბერს ჩარლი კირკი Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები