გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ კვირას NATO-ს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი დაიბარეს.
10 სექტემბერს პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში შემოჭრილი რუსული დრონები ჩამოაგდო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. ამასთან, რუმინეთმა 13 სექტემბერს თავის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონის გამო განგაში გამოაცხადა და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები ააფრინა, რომლებიც დრონს აედევნნენ.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ NATO-ს საჰაერო სივრცეში შეჭრა სრულად მიუღებელია. მისი თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და გმობს რუსეთის დაუფიქრებელ ქმედებებს.
"რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ მისი აგრესია უფრო აძლიერებს NATO-ს მოკავშირეების ერთობას და ჩვენს მიზანს, მხარს ვუჭერდეთ უკრაინას. ნებისმიერ მსგავს შეჭრას მომავალში ძალის გამოყენებით შევხვდებით." - დაამატა სპიკერმა.
თავის მხრივ, გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე მიტანილი ბოლოდროინდელი იერიშების დროს რუსეთის მიზანი არ ყოფილა პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმა.
"რუსეთს არ სურს, დაძაბულობა შეიქმნას პოლონეთთან ან NATO-სთან." - წერია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.





