ევროკომისიის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის EU-ს მხრიდან სრული ნდობა აქვს.
ჰიპერმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, შეწყვიტონ მასზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის საკუთარ სამუშაოს ასრულებს.
ჰიპერმა თქვა, რომ ქართული ოცნების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებისა და არსებული რეალობის, კერძოდ, მიმდინარე ძალადობისა და რეპრესიის, დამახინჯების მცდელობას ხედავენ. მისივე თქმით, EU-ს ქმედებები ოცნების ქმედებებს შეესაბამება.
"დავიწყებ იმის თქმით, რომ ევროკავშირის ელჩს ჩვენი სრული ნდობა აქვს და მისი სიტყვები ევროკავშირი-საქართველოს რეალობას ასახავს. ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, რომ თავისი სამუშაოს შესრულების გამო ჩვენს ელჩზე თავდასხმა შეწყვიტონ.
ქართული მხარისგან რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ, დეზინფორმაციის გავრცელების მასობრივი მცდელობაა და ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ადგილზე მიმდინარე მოვლენების, უდანაშაულო მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიისა და ძალადობის, დამახინჯება. ამიტომ, ჩვენი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შეესაბამება". - თქვა ჰიპერმა
ევროკომისიის სპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში განმარტა, რომ EU-ს ნაბიჯები ქართულ ოცნებასთან პოლიტიკურ დონეზე ყველა კონტაქტის დაქვეითებით და მათთვის ფინანსური მხარდაჭერის შემცირებით, სამოქალაქო საზოგადოებისთვის კი მხარდაჭერის შენარჩუნებით, იწყება.
"ამის შესახებ წინა ჯერზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს იწყება პოლიტიკურ დონეზე ყველა ჩვენი კონტაქტის აბსოლუტური დაქვეითებით და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერის ძირეული შემცირებით, სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდაჭერის შენარჩუნების პარალელურად". - თქვა ჰიპერმა.
უვიზო რეჟიმის შენარჩუნებასთან დაკავშირებით დემონსტრაციისა და ქართული ოცნების მხრიდან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაში ბრიუსელის დადანაშაულების შესახებ ჰიპერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას და თითის გაშვერა არ სურს, თუმცა ოცნებისგან ქმედებისა და ნამდვილ დიალოგში ჩართულობას მოელის.
"უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ.
მეორე, თითის გაშვერა არ გვიყვარს. გვსურს, რომ ვიხილოთ ქმედება და ნამდვილ დიალოგში ჩართულობა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასთან, შემდგომ კი განვიხილავთ რა ვარიანტებია მაგიდაზე ამ ურთიერთობის გამოსასწორებლად". - თქვა ჰიპერმა.
ცოტა ხნით ადრე კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აქტივისტებთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით "რადიკალი" უწოდა.





