აშშ

მინეაპოლისში კათოლიკური სკოლის ეკლესიაში მსროლელმა 2 ბავშვი მოკლა, არიან დაშავებულები

Reuters

აშშ-ში, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, ხარების სახელობის კათოლიკური სკოლის ეკლესიაში მესის დროს მსროლელი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა - შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, მსროლელმა თავი მოიკლა. 

სროლის შედეგად არიან დაშავებულებიც - ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ბრაიან ო'ჰარას ცნობით,  17 ადამიანი, მათ შორის, 14 ბავშვი, დაშავდა. მანამდე მედიაში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ცნობა, რომ სროლის შედეგად 20 ადამიანი იყო დაშავებული. 

ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ბრაიან ო'ჰარას ცნობით, დაშავებულ ბავშვებს შორის 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო დაღუპული ბავშვები 8 და 10 წლის იყვნენ. 

ო'ჰარამ თქვა, რომ თავდამსხმელი მრევლსა და მოსწავლეებს ეკლესიის ფანჯრებიდან ესროდა და სროლისთვის ნახევრად ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდა, თუმცა დამატებით საფანტის თოფსა და პისტოლეტსაც ატარებდა. 

ადგილობრივი პოლიციის თქმით, ადგილზე შავი ფერის ტანსაცმლით ჩაცმული პირის შესახებ შეტყობინებები მიიღეს. 

სროლა ხარების სახელობის კათოლიკურ სკოლაში სწავლის დაწყებიდან ორ დღეში, კათოლიკური მესის დროს მოხდა. 

ხარების სახელობის კათოლიკური სკოლა მინეაპოლისის სამხრეთით მდებარეობს. სკოლაში, რომელიც ხარების სახელობის კათოლიკურ ეკლესიასთან არის დაკავშირებული, 395 მოსწავლე სწავლობს

კომენტარები