რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ ორი განკარგულებით ომში რუსეთის ხელშემწყობ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ განკარგულებას, რომლებიც ომში რუსეთის ხელშემწყობი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის  სანქციებს ითვალისწინებს

პირველი განკარგულებით ზელენსკიმ კანადის მხრიდან ომში რუსეთის ხელშემწყობი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის წელს დაწესებულ სანქციებთან უკრაინის სრული სინქრონიზაცია მოახდინა

კერძოდ, ეს ბრძანება ეხება 74 ადამიანსა და 65 იურიდიულ პირს, რომლებიც რუსეთის მრეწველობისა და ენერგეტიკული სექტორის, სამრეწველო-სამხედრო კომპლექსის, საზღვარგარეთ რუსული ნარატივების პროპაგანდის, უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციების ხელშეწყობაში არიან ჩართულები. შეზღუდვები რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლებსა და ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსაც ეხებათ.

გარდა ამისა, ამ ბრძანებით სანქცირებულ პირებს შორის, მათ შორის, პუტინის ნათესავებიც  არიან, კერძოდ, მიხაილ პუტინი, მიხაილ შელომოვი, პუტინის შვილის ყოფილი ქმარი, იგორ ზელენსკი, რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი ცოლი, ლიუდმილა ოჩერეტნაია და ოჩერეტნაიას ამჟამინდელი ქმარი, არტურ ოჩერეტნი. 

ზელენსკის პირველი განკარგულების მიხედვით, სანქციები რუსეთის, ხორვატიის, ავსტრიის, აშშ-ს, უკრაინის, ბელარუსისა და ირანის მოქალაქეებსა ეხებათ. ამასთან, სანქციები შეეხება კომპანიებს რუსეთიდან, შვეიცარიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სინგაპურიდან, მალიდან, სუდანიდან, ლატვიიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, ბელარუსიდან, კვიპროსიდან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან.

“ეს სანქციები ევროპელ პარტნიორებთან უკვე ნაწილობრივ სინქრონიზებულია. უკრაინა სხვა მოკავშირეების სანქციებთან სინქრონიზაციაზე მუშაობას განაგრძობს, ასევე პარტნიორებთან ერთად პარტნიორების იურისდიქციაში უკრაინის სანქციების სინქრონიზაციაზე გადაწყვეტილებას ამზადებს”. - თქვა ზელენსკიმ. 

ხოლო მეორე განკარგულებით ზელენსკიმ სანქციები სხვადასხვა ქვეყნების 28 მოქალაქეს დაუწესა, რომლებიც რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებაში ეხმარებიან და ფაქტობრივად რუსეთს ასპონსორებენ. 

“ასეთი პირების ყოველ გვარზე ასევე პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ვმუშაობ. რუსი ოკუპანტების ყველა მოკავშირე უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილის გამო ასე თუ ისე პასუხს აგებს”. - თქვა ზელენსკიმ. 

ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სიაში ირანის ოთხი მოქალაქე შედის, დანარჩენები კი რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. 

მანამდე, ზელენსკიმ სანქციები დაუწესა იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რუსული დრონების ტექნოლოგიის წარმოებაში პირდაპირ არიან ჩართულები.

კომენტარები