აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ პუტინი მზად არის შეაჩეროს ომი მთელი დონბასის სანაცვლოდ, მათ შორის, იმ რაიონების, რომელიც ოკუპირებული არ არის.
როგორც Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, ომის შეჩერების სანაცვლოდ პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან უკრაინული ჯარის გასვლას ითხოვს, სანაცვლოდ კი მზად არის გაყინოს ფრონტის ხაზი ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქებში.
ამასთან გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ვერ მიღწევისა, ტრამპმა შეხვედრას "პროდუქტიული" უწოდა და ევროპელ ლიდერებს მიანიშნა, რომ ზელენსკის შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს.
15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა "პროდუქტიული" იყო და დაამატა, რომ NATO-სა და ზელენსკის იმავე დღეს დაურეკავდა.
პუტინის შეფასებით, მოლაპარაკებები "იყო ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო". - ამის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ალასკაში მოწვევის წინადადებისთვის და აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად ლოგიკური იყო სწორედ აქ შეხვედრა".
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან "მრავალ პუნქტზე მოხდა შეთანხმების მიღწევა." თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება."
"ვერ მივაღწიეთ, მაგრამ კარგი შანსი გვაქვს მიღწევის" - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს ასევე არ გამოუცხადებიათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და არც ის დაუკონკრეტებიათ, თუ რა წინადადებები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ სამიტის დროს.




