აშშ-რუსეთი

ბესენტი: თუ პუტინი-ტრამპის შეხვედრა კარგად არ ჩაივლის, შესაძლოა, ინდოეთს ტარიფი გავუზარდოთ

აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თქვა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ინდოეთზე მეორადი ტარიფები გაზარდოს, თუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა "კარგად არ წარიმართება".

"რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოელებზე ჩვენ უკვე დავაწესეთ მეორადი ტარიფები. თუ საქმე კარგად არ წავა, სანქციები ან მეორადი ტარიფები შეიძლება გაიზარდოს" - განაცხადა ბესენტმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში.

ბესენტმა ევროპელ პარტნიორებს მიმართა, რომ "გვერდიდან კრიტიკის" ნაცვლად, თუ როგორ უნდა წარმართოს პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან შეხვედრა, სჯობს ისინი აშშ-ს მიერ დაწესებულ მეორად სანქციებს შეუერთდნენ.

6 აგვისტოს დონალდ ტრამპის ბრძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა. გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენაა.

კომენტარები