რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონი: ტრამპმაც აღნიშნა, რომ ტერიტორიებზე მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეიძლება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ტერიტორიებთან დაკავშირებით მხოლოდ უკრაინასთან არის შესაძლებელი. ამის შესახებ მაკრონმა აშშ-ს პრეზიდენტთან გამართული ონლაინ სამიტის შემდეგ ისაუბრა.

ამასთან, მაკრონის თქმით, აშშ-სა და რუსეთის საუბარი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა ევროპასაც მოუსმინონ.

"ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი რაც უკრაინას უკავშირდება განიხილონ უკრაინასთან ერთად. ჩვენ გვსურს მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც ტერიტორიულ საკითხებს გადაჭრის და მომავლის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი შეხვედრის დროს აშშ-მ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, პატიმრების გაცვლასა და ბავშვების გათავისუფლებასთან ერთად.

მეორე საკითხია, რომ ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებები არ შეიძლება განიხილებოდეს უკრაინის პრეზიდენტის გარეშე და განიხილება მხოლოდ მასთან ერთად. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და ეს ძალიან ნათლად გამოხატა პრეზიდენტმა ტრამპმაც". - თქვა მაკრონმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ონლაინ შეხვედრას გამართა.

კომენტარები