უკრაინა შესაძლოა დათანხმდეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და რუსეთის მიერ უკვე დაკავებული ტერიტორიების დათმობას ევროპის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Telegraph ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ მათ უარი უნდა თქვან დონალდ ტრამპის ნებისმიერ სხვა წინადადებაზე, რომელიც კიევის მიერ რომელიმე სხვა ტერიტორიის დათმობას ითვალისწინებს – თუმცა, რუსეთს შეიძლება მიეცეს უფლება, შეინარჩუნოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი.
The Telegraph აღნიშნავს, რომ ეს პოზიცია ნიშნავს ფრონტის ხაზის გაყინვას და რუსეთისთვის ფაქტობრივი კონტროლის გადაცემას ლუგანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიეში, ხერსონსა და ყირიმში მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ამავდროულად, როგორც გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ სანაცვლოდ კიევი მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს იარაღის მიწოდების სახით და NATO-ს წევრობისკენ გზას.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდგომ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 15 აგვისტოს ალასკის შტატში პუტინს შეხვდება.
მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ "უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ აჩუქებენ" და "ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშე მიიღება, ამავდროულად მშვიდობის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა".
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ასევე დაწერა, რომ უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან.
ცნობისთვის, გამოცემა WSJ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინმა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარუდგინა, რომელიც დონეცკის ოლქიდან უკრაინის ძალების გასვლასა და ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის გაყინვას ითვალისწინებდა.
მოგვიანებით, გამოცემამ საკუთარ წყაროებზე ასევე გაავრცელა ცნობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა და უკრაინამ პუტინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების საპასუხოდ აშშ-ს საკუთარი წინადადება წარუდგინეს.
WSJ-ს მიხედვით, ევროპის ქვეყნებმა უარყვეს რუსული მხარის მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ძალების გასვლის შესახებ. ნაცვლად ამისა, ევროპული წინადადების მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ გაცვლითი შეთანხმებები, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი ტერიტორიიდან უკრაინის გასვლას რუსეთის მხრიდან სხვა ოკუპირებული რეგიონის დატოვება უნდა ახლდეს თან. ამასთან, ევროპული წინადადებით, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე უპირობო ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო
გარდა ამისა, ევროპული გეგმა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობის შემთხვევაში უკრაინისთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოიცავს, მათ შორის, NATO-ს შესაძლო წევრობას.
WSJ-ის მიხედვით, შეხვედრის დროს ევროპელმა წარმომადგენლებმა ხელახლა გაიმეორეს, რომ უკრაინის მომავალის განხილვა უკრაინის გარეშე დაუშვებელია და ასევე თქვეს, რომ ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ევროპელი ლიდერების მონაწილეობის გარეშე ღირებული არ იქნება.





