რუსული რეჟიმი

თევზაძე: ჩვენთვის საარჩევნო ნომერი არ არის მთავარი, მთავარია "ქართული ოცნების" დამარცხება

თენგო თევზაძე
სქრინი, ფორმულა

პარტია ახალი საარჩევნო ნომრის დაკარგვას გამოეხმაურა.

თენგო თევზაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას არა საარჩევნო ნომერი, არამედ ხალხი აძლევს.

"იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში პოლიტპატიმრებს უსჯიან ერთი მეორეს მიყოლებით სასჯელს, ქართულმა ოცნებამ, რუსულმა რეჟიმმა და მისმა ბანდამ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ჰქვია, გადაწყვიტა კვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს წაართვას საარჩევნო ნომერი. ნომერი არ აძლევს პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას. ლეგიტიმაციას პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხალხი და აძლევს ის სამართლიანი არჩევნები, რომელიც აუცილებლად ჩატარდება ამ ქვეყანაში." - თქვეს ბრიფინგზე.

პარტიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას ქართული ოცნების გარდა 16 ოპოზიციურად წოდებული პარტია იღებს. მათთვის კი მთავარი არა საარჩევნო ნომერი, არამედ ქართული ოცნების დამარცხებაა.

"დღეს ჩვენ ე.წ. არჩევნებში ვხედავთ ქართულ ოცნებას და 16 სისტემური ოპოზიციის ნაწილს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ბიულეტენში შეიტანონ ნომერი 4 და რომელიღაც ოპოზიციურად წოდებულ პარტიას მიაღებინონ ამ ნომრით არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის ნომერი არ არის მთავარი, ჩვენთვის არის მთავარი ქართული ოცნების და იმ კრიმინალური ბანდის დამარცხება, რომელიც საქართველოს და ჩვენ სახელმწიფოს საუკუნოვან ისტორიულ ფუნქციას აკარგვინებს. აუცილებლად, შემდეგი არჩევნები იქნება სამართლიანი, აუცილებლად გაუქმდება ამ ე.წ. არჩევნების შედეგები, რომელსაც ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად გვასაღებს." - განაცხადა თენგო თევზაძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, კოალიციამ ცვლილებისთვის და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკოსთვის არმიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

წილისყრის მიხედვით, საარჩევნო ნომერი 4 პარტია ქართველ ერთობას, ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო-ს ერგო.

 

კომენტარები