რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: პუტინს ტრამპის ულტიმატუმში ეჭვი ეპარება და სავარაუდოდ არ დათანხმდება

REUTERS/Marcos Brindicci/File Photo

გამოცემა Reuters კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ულტიმატუმს სავარაუდოდ არ დათანხმდება და მის მუქარებში ეჭვი ეპარება. წყაროების თქმით, პუტინის ამოცანად კვლავ რჩება დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია.

როგორც Reuters-ს ანონიმური წყაროები ეუბნებიან, პუტინს სჯერა, რომ რუსეთი ომს იგებს და ტრამპის მიერ დამუქრებული სანქციების შესაძლო გავლენაში ეჭვი ეპარება. 

გამოცემის ორი წყარო ამბობს, რომ პუტინს ტრამპის გაღიზიანება და დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორების შანსის გაშვება არ სურს, თუმცა ომის ამოცანებს უფრო დიდ პრიორიტეტს ანიჭებს. 

Reuters-ის მიხედვით, ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ პუტინი პირად საუბრებში აშშ-სთან ურთიერთობის გაურესებით შეშფოთებულია და ტრამპის გაღიზიანებაზე "ღელავს", თუმცა კვლავ იტოვებს იმედს, რომ რუსეთს დასავლეთთან ვაჭრობის აღდგენა შეეძლება. 

მეორე წყაროს თქმით, "პუტინს არ აქვს ფუფუნება, რომ ომი მხოლოდ იმიტომ დაასრულოს, რომ ეს ტრამპს სურს".

გამოცემის ორმა წყარომ ასევე თქვა, რომ მიმდინარე რუსული იერიშისა და უკრაინაზე დიდი სამხედრო ზეწოლის ფონზე, პუტინის აზრით, ომის შეჩერება უდროო იქნება. 

როგორც Reuters წერს, პუტინს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის სრულად დაკავება და ამის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება სურს. 

"თუ პუტინი ამ ოთხი რეგიონის დაკავებას შეძლებდა, რომლებზეც რუსეთმა პრეტენზია განაცხადა, შეეძლებოდა გამოცხადება, რომ უკრაინაში ომმა მისი ამოცანები შეასრულა". - თქვა Reuters-თან რუსეთის შესახებ ჯერ გამოუქვეყნებელი წიგნის ავტორმა, ჯეიმს როჯერმა. 

გამოცემის ერთმა წყარომ თქვა, რომ სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით კრემლი ცდილობს, ტრამპი დაარწმუნოს, რომ პუტინი მშვიდობაზე უარს არ ამბობს. იგივე წყარო ამატებს, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ ჰუმანიტარულ გაცვლებს ეხება, სხვა მხრივ კი სინამდვილეში შინაარსისგან დაცლილია.

Reuters-თან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ ტრამპის შესაძლო სანქციები "მტკივნეული და უსიამოვნოა", თუმცა კატასტროფა არ არის. სხვა წყაროს თქმით, მოსკოვში არსებობს განცდა, რომ "[აშშ] მეტს ვერაფერს ვეღარ გაუკეთებთ". 

გარდა ამისა, ანონიმურმა წყაროს თქმით, რუსეთში დარწმუნებულები არ არიან, რომ ტრამპი ულტიმატუმის პირობას შეასრულებს. მანვე დაამატა, რომ ტრამპი "აქამდეც დამუქრებულა", შემდგომ აზრი შეუცვლია და აღარ უმოქმედია. 

გამოცემა ამავე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ჩინეთი ტრამპის მითითებების გამო რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს. 

Reuters-ისთვის მიცემულ კომენტარში თეთრი სახლის სპიკერმა, ანა კელიმ თქვა, რომ ტრამპს "მკვლელობის დასრულება სურს" და პუტინს ტარიფებითა და სანქციებით ამიტომ ემუქრება. 

"პრეზიდენტ ტრამპს მკვლელობის დასრულება სურს, ამიტომ არის, რომ ის NATO-ს წევრ ქვეყნებს ამერიკაში დამზადებულ იარაღებს ჰყიდის და პუტინს მწვავე ტარიფებით და სანქციებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება". - თქვა კელიმ. 

Reuter-სთან საუბრისას ერთმა რუსულმა წყარომ აღნიშნა, რომ პუტინმა ომის გაგრძელებით უარი თქვა მარტში აშშ-ს შეთავაზებაზე, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტის სანაცვლოდ აშშ-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოეხსნა, 2014 წელს ანექსირებული ყირიმი რუსეთის საკუთრებად გამოეცხადა და 2022 წლიდან დაკავებული ტერიტორიებზე რუსეთის დე ფაქტო კონტროლი ეღიარებინა.

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს "საზიზღრობა" უწოდა და განაცხადა, რომ აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს იმ ფონზე, როცა 29 ივლისს ტრამპის მიერ რუსეთისადმი წაყენებული ულტიმატუმის 10-დღიანი ვადა იწურება. ტრამპმა ასევე დაამატა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ისრაელში ვიზიტის შემდეგ რუსეთშიც ჩავა. 

ცნობისთვის, ტრამპმა 29 ივლისს რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევისთვის 50-დღიანი ულტიმატუმის ვადა 10 დღემდე შეუმცირა. 

მოგვიანებით გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ს წარმომადგენელმა, ჯონ კელიმ განმარტა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ულტიმატუმის მიხედვით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 8 აგვისტოსთვის უნდა მოხდეს.  

კომენტარები