რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"პუტინის ეკონომიკა ყარს" – ტრამპის თქმით, დაბალი ნავთობის ფასით რუსეთი ომს ვერ გააგრძელებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Bigstock / Palinchak

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო "მომდევნო 24 საათის განმავლობაში" ინდოეთზე ტარიფებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

30 ივლისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ინდოეთს 1-ელი აგვისტოდან 25%-იან ტარიფებსა და ჯარიმას დაუწესებდა და დამატებით დაიმუქრა, რომ რუსული ენერგორესურსების შესყიდვის გამო ამ მაჩვენებელს სამომავლოდაც გაზრდიდა. 

"[ინდოეთისთვის] 25%-იან [ტარიფზე] შევთანხმდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად გავზრდი, რადგან ისინი რუსულ ნავთობს ყიდულობენ, [რუსეთის] ომის მანქანას ამარაგებენ და თუ ისინი ამას გააკეთებენ, ამით მოხარული არ ვიქნები." - თქვა ტრამპმა.

პარალელურად, ტრამპმა რუსეთს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადა დაუწესა, რომელიც 8 აგვისტოს იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აშშ-ს პრეზიდენტი მოსკოვს ე.წ. მეორადი სანქციების დაწესებით დაემუქრა იმ ქვეყნების წინაღმდეგ, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ. 

ინტერვიუში ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების ვარდნა პუტინს ომის გაგრძელებაში ხელს შეუშლის. 

"თუ ენერგორესურსების ფასები საკმარისად დაეცემა, პუტინი ხალხის დახოცვას შეწყვეტს. თუ ფასი დამატებით ბარელზე $10-ით დაიწევს, მას სხვა არჩევანი არ ექნება, რადგან მისი ეკონომიკა ყარს." - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

კომენტარები