რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ბირთვული შესაძლებლობების საშუალო და მცირე მანძილის რაკეტებზე მორატორიუმი გააუქმა

ბირთვული შესაძლებლობების მქონე მცირე მანძილის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი Искандер 

რუსეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განთავსების შესახებ ცალმხრივი მორატორიუმი გააუქმა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

რუსეთი გადაწყვეტილებას "კოლექტიურ დასავლეთს" აბრალებს და მას რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში "დესტაბილიზაციური სარაკეტო პოტენციალების"  განვითარებაში ადანაშაულებს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა მომავალში რაკეტების განლაგების შესაძლებლობის შესახებ ნაბიჯებს გადადგამს "ამერიკული და სხვა დასავლური საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განთავსების ანალიზის საფუძველზე". 

Reuters წერს, რომ დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, ცალმხრივი მორატორიუმი ოფიციალური არსებობის განმავლობაში ფაქტობრივად არ მოქმედებდა, ხოლო ახლანდელი განცხადებით რუსეთს დასავლეთისთვის აგრესიული გზავნილის გაგზავნა სურს. 

გასული წლის ზაფხულში პუტინმა თქვა, რომ აშშ-ს პასუხად ბირთვული შესაძლებლობების მქონე საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების წარმოება და, შესაძლოა, განლაგება უნდა დაეწყოთ. ამავე პერიოდში პუტინი იმუქრებოდა, რომ გერმანიაში შორი მანძილის რაკეტების განთავსების შემთხვევაში რუსეთი ცალმხრივ მორატორიუმს გააუქმებდა. 

რუსეთმა საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების შესახებ შეთანხმება გაუქმდა. მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ რაკეტებს არ განალაგებდა, სანამ ამას NATO არ იზამდა.

აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა შეთანხმება საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების განლაგებასთან დაკავშირებით. შეთანხმების სამართალმემკვიდრე გახდა რუსეთის ფედერაცია. აშშ-მ ეს ხელშეკრულება 2019 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მათი ინფორმაციით, რუსეთი მის პუნქტებს არღვევდა, რასაც მოსკოვში უარყოფდნენ. 

კომენტარები