31 ივლისისა და 1 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა - რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა, მათ შორის, კიევსა და ხერსონს, დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს დაარტყეს.
ქალაქ კიევზე რუსული იერიშის შედეგად, უახლესი ინფორმაციით, 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, ხოლო 159 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვი, დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამჟამად სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპიკერის, ალექსანდრ ხორუნჟის თქმით, რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
ამასთან, უკრაინამ კიევზე მასობრივ იერიშთან დაკავშირებით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა დააინიცირა, რომელიც დღეს, 1 აგვისტოს ჩატარდება.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ X-ზე დაწერა.
"უკრაინამ დააინიცირა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა რუსეთის ტერორის მომდევნო ესკალაციის პასუხად, რომელმაც კიევში ადამიანების დაღუპვა და განადგურება გამოიწვია". - წერს სიბიჰა.
სიბიჰამ დაამატა, რომ .პუტინი მშვიდობიან ძალისხმევებს უარყოფს და ომის გაგრძელება სურს, ხოლო მსოფლიოს აქვს საკმარისი ძალა, რათა ის შეაჩეროს.
გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ოლქზე 1 აგვისტოს ღამით მიტანილი იერიშის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ასევე, ქალაქ ხერსონზე იერიშს ერთი ქალი ემსხვერპლა, ხოლო დნიპროპეტროვსკში იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.





