რუსეთი

რუსეთში კამჩატკის ნახევარკუნძულზე კლიუჩევსკაია-სოპკას ვულკანი ამოიფრქვა

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული გეოფიზიკური სამსახური

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული გეოფიზიკური სამსახურის ცნობით, რუსეთში კამჩატკის ნახევარკუნძულზე კლიუჩევსკაია-სოპკას ვულკანი ამოიფრქვა

სპეციალისტების ინფორმაციით, გავარვარებული ლავა ვულკანის დასავლეთ ფერდობზე ჩამოედინება, ხოლო ვულკანზე ამოფრქვევები შეინიშნება. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში კლიუჩევსკაია-სოპკა გააქტიურდა და კრატერიდან ვულკანური ფერფლის გამოყოფა დაიწყო. Интерфакс-ის მიხედვით, დღეს, კრატერიდან ამოფრქვეული ვულკანური ფერფლი ზღვის დონიდან 3 კმ-მდე სიმაღლეს აღწევდა.

19 ივლისს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის განყოფილების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ვულკანის ფოტო გაავრცელა - მასში ვულკანის ზემოთ წარმოქმნილი ლენტიკულური ღრუბელი არის გამოსახული, რომელსაც ლავა ანათებს. 

დღეს დილით რუსეთში კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრა მოხდა - აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, მიწისძვრა 8.8 მაგნიტუდის იყო, ხოლო იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით - 8.7 მაგნიტუდის. მიწისძვრის გამო რუსეთში, აშშ-ში და იაპონიაში ცუნამის განგაში გამოცხადდა. 

კომენტარები