საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ს შეადგენს.
სებ-ის განცხადებით, "გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია." რის გამოც, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება. მათივე განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება "დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე".
სები-ის ცნობით, ივნისის მდგომარეობით, საქართველოში წლიური ინფლაცია 4%-ით გაიზარდა. "მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფ ლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა" - განმარტავს სებ.
"გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ასევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ საგულისხმოა. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის დღის წესრიგი არაერთხელ გადაიხედა, რომლის ხელახალი გამწვავებაც გლობალურად ეკონომიკის ფრაგმენტაციას მოსალოდნელზე მეტად გაამწვავებს. აღნიშნული მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებს წარმოქნის, რაც სტაგფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალი ესკალაცია რეგიონის რისკიანობას გაზრდის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვან წნეხს წარმოქმნის. ამავდროულად, საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციები. კერძოდ, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი. ამ რისკების რეალიზება კი, ცენტრალურ სცენართან შედარებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, პროდუქტიულობა შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ასევე, აღნიშნულ სცენარში მოიაზრება დოლარის ინდექსის გლობალურად შესუსტებული პოზიცია და სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასების სწრაფი ნორმალიზება. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასები, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება" - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.





