ცუნამი იაპონიაში

იაპონიას ცუნამის 1.3-მეტრიანმა ტალღამ დაარტყა, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

AFP-JIJI

იაპონიაში ჰოკაიდოდან ვაკაიამამდე წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლზე 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღების მქონე შესაძლო ცუნამის შესახებ განგაში არის გამოცხადებული, მოსახლეობას კი განგაშის გაუქმებამდე ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

იაპონიას ცუნამის პირველმა ტალღებმა უკვე დაარტყა - უახლესი ინფორმაციით, ივატეს პრეფექტურაში ქალაქ კუჯის პორტთან 1.3 მეტრის სიმაღლის ცუნამის ტალღა შეინიშნა. ტალღები აღირიცხა ტოჰუკოს და კანტოს რეგიონებშიც. 

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახური სანაპირო ზოლზე და მდინარეებთან ახლოს მყოფ მოსახლეობას ევაკუაციისკენ და უსაფრთხო ადგილის დაკავებისკენ მოუწოდებს. 

სამსახურის წამრომადგენელმა, კიომოტო მასაშიმ აღნიშნა, რომ ცუნამის დაკვირვება გრძელდება. 

კიომოტომ ასევე აღნიშნა, რომ ცუნამის ტალღების სიმაღლემ შესაძლოა მოსალოდნელ სიმაღლეს გადააჭარბოს. 

ტოკიოს ადმინისტრაცია მოსახლეობას ზღვისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებენ, ჩიბის პრეფექტურაში მდებარე დასახლების, კუჯუკურის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ დასახლების ორი პლაჟიდან თითქმის ყველა ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა და დარჩენილ პირებსაც ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

იაპონიის სენდაის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაიკეტა, ხოლო რიგი ფრენების მარშრუტი შეიცვალა, ნაწილის კი შეჩერდა. 

დღეს დილით რუსეთში კამჩატკის ნახევარკუნძულზე მიწისძვრა მოხდა - აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, მიწისძვრის მაგნიტუდა 8.8 ბალს შეადგენდა, ხოლო იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიხედვით - 8.7 ბალს. 

რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გამოცემის მიხედვით, ეს კამჩატკის ნახევარკუნძულზე 1952 წლიდან დღემდე ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო. 

კომენტარები