ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ყალბი დოკუმენტებით დაირეგისტრირეს 496 000 ლარის 3 მიწის ნაკვეთი – მხილებულია სამი პირი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი ამხილეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.

გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული მიწის ნაკვეთები. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით" - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

კომენტარები