კოალიცია ძლიერი საქართველოს საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ქართული ოცნება მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებს და ისწრაფვის რუსეთისკენ. ის ევროკავშირის გაცხადებას ბრიფინგით გამოეხმაურა.
"ევროკავშირის სპიკერმა ღიად განაცხადა, რომ დღეს საქართველოს მართავს ეგრეთწოდებული ხელისუფლება, რომელიც ვციტირებ - “რუსული სტილის შეთქმულების თეორიებს” იყენებს და მიზანმიმართულად ცდილობს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრას. ეს არის პირდაპირი ტოლობის ნიშანი ქართულ ოცნებასა და რუსეთს შორის.
[…] ქართული ოცნება, რომელიც წინასაარჩევნოდ საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სიარულს ჰპირდებოდა, ღიად და ოფიციალურად დაკავდა ოთხზე ხოხვით, რუსეთისკენ სიარულით. თვითმარქვია ხელისუფლება, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა შანსი მილიონობით ქართველისთვის ევროპულ ორბიტაზე რეალური მშვიდობა და კეთილდღეობა შეექმნა, სინამდვილეში მილიონებს ხარჯავს ანტიევროპული, ისტერიკული, დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად, რითაც ის ძირს უთხრის საქართველოს ხალხის ეროვნულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს არის რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო სრულად, მყარად და საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ შანსს." - ამბობს გეგელია.
ამასთან, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომელიც მისი შეფასებით, ბოლო დროს თავდასხმის მსხვერპლია.
"ბოლოდროინდელი თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე, ბატონ ჰერჩინსკიზე, მხოლოდ გაგრძელებაა იმ რუსული საბოტაჟისა, რომელსაც ქართული ოცნება უკვე წლების განმავლობაში ეწევა საქართველოს მოსახლეობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მსურს ძლიერი საქართველოს სახელით დავაფიქსირო ჩვენი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, ვისაც გააჩნია გამორჩეულად მნიშვნელოვანი როლი ქართველი ხალხის ევროპული და ეროვნული ინტერესების ლობირებაში" - თქვა გეგელიამ ბრიფინგზე.
გრიგოლ გეგელიამ აგრეთვე ისაუბრა იმაზე, რომ ქართულ ოცნებას ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზების ერთადერთი გზა აქვს - ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება, რისთვის კოალიცია ძლიერი საქართველო გააგრძელებს ბრძოლას და პროტესტს.
"ბოლო დღეებში ჩვენ ევროპარლამენტისგან ორჯერ მოვისმინეთ, რომ “ქართულ ოცნებას” გააჩნია ურთიერთობების ნორმალიზების და ლეგიტიმაციის მოპოვების მხოლოდ ერთი შანსი და ეს არის ახალი, თავისუფალ პირობებში ჩატარებული საპარალამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. არ არსებობს არცერთი სხვა ნაბიჯი ან ზომა, რაც რუსების მსახურ თვითმარქვია რეჟიმს ლეგიტიმაციას და ვითარების ნორმალიზების საშუალებას მიანიჭებს, შესაბამისად, ვაგრძელებთ პროტესტს და ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიღწევის მიზნით." - განაცხადა გეგელიამ.
ევროკავშირი ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებს 25 ივლისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოცნება საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს.
იქამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ "მასზე რომ იყოს დამოკიდებული", საქართველოდან ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის გააძევებდა.





