ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მარნეულში, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ეს ადამიანები, ფულის სანაცვლოდ, მანქანების ტექნიკური დათვალიერების დადებითად გავლის ყალბ დოკუმენტს გასცემდნენ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა მარნეულში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდა სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება. ბრალდებულმა პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში. აღნიშნულის სანაცვლოდ, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში, გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე, სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები". - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





