გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ დრონების მწარმოებელ კომპანიას ჩინეთში დამზადებული ძრავის ნაწილები ფიქციური კომპანიების გავლით ფარულად მიეწოდება.
სამ ევროპელ მაღალჩინოსანსა და ნანახ დოკუმენტზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ დასავლეთის სანქციების თავიდან არიდების მიზნით რუსეთში გაგზავნილ ნაწილებს "სამრეწველო გაგრილების დანადგარებად" მოიხსენიებენ.
წყაროებისა და დოკუმენტის მიხედვით, ამ ნაწილების მიწოდებით რუსული იარაღის მწარმოებელი კომპანია IEMZ Kupol-ისთვის შესაძლებელი გახდა, Гарпия-A1-ის ტიპის მოიერიშე დრონის წარმოება გაზრდილიყო მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში აშშ-მ და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს, რომლის მიზანიც მიწოდების ჯაჭვის შეფერხება იყო.
Reuters-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება დადო, რომელიც მიმდინარე წელს 6 000 Гарпия-ს ტიპის დრონის წარმოებას გულისხმობს. ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით 2 000-ითაა გაზრდილი და დოკუმენტის მიხედვით, აპრილისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკვე მიაწოდეს 1 500 მსგავსი დრონი.
სექტემბერში Reuters წერდა, რომ Kupol დრონებს ჩინური ტექნოლოგიის მეშვეობით აწარმოებდა, მათ შორის, კომპანია იყენებდა L550E ძრავებს, რომლებსაც Xiamen Limbach Aviation Engine Co. აწარმოებდა. რეპორტაჟიდან ერთი თვის შემდეგ კი ევროკავშირმა და აშშ-მ რუსული დრონების წარმოებაში ჩართული კომპანიები, მათ შორის, Xiamen-იც, დაასანქცირეს.
თუმცა, მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სანქციების ფონზე, Kupol-ისთვის L550E ძრავების მიწოდება ახალმა ჩინურმა კომპანიამ, Beijing Xichao International Technology and Trade-მა დაიწყო.
Reuters-ს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განუცხადა, რომ Гарпия-ს ნაწილების რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
"ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ცალმხრივ სანქციებს, რომელიც არ ემყარება საერთაშორისო სამართალსა და არ არის მიღებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ," განაცხადა სამინისტრომ.





