ეუთო/ოდირი

თევზაძე: მოვუწოდებთ ეუთო/ოდირს მონიტორინგის ხელის შეშლასა და აკრძალვაზეც ჰქონდეს რეაგირება

ჩვენ უკვე ვხედავთ თვეების განმავლობაში, რეჟიმი და რეჟიმის სასამართლო არ აძლევს ეუთო/ოდირს იმის შესაძლებლობას, რომ მისმა წარმომადგენლობამ დაკვირვება და მონიტორინგი განახორციელოს სასამართლო სხდომებზე. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც 11 პოლიტპატიმრის სასამართლოზე, პოლიტპატიმრების ადვოკატებმა მოითხოვეს ეუთო/ოდირის წარმომადგენელების დასწრება, ხოლო ეს უსამართლო სასამართლო ამის საშუალებას არ აძლევს.

დღეს ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ გადაწყვიტა დამალოს ის უსამართლობა, რაც პოლიტპატიმრების სასამართლო სხდომებზე ხდება, დაუმალოს საქართველოს მოსახლეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დაუმალოს საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ ერთი მეორეს მიყოლებით ვხედავთ, ჯერ ერთი როგორ აკრძალა ვიდეო და აუდიო გადაღება და ჩაწერა სასამართლო სხდომებზე, ასევე მოსამართლეები ემუქრებიან ადვოკატებს, ოჯახის წევრებს და დამსწრე პირებს, რომ თუ სურათი ან ვიდეო გავრცელდება სოციალურ ქსელებში, სასამართლო სხდომები დაიხურება. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, თუ როგორ უნდა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს დამალოს ის უსამართლობა, რაც სასამართლოში ხდება. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ საჯაროობა და საჯარო სხდომები სასამართლოსი სამართლიანი სასამართლოს აუცილებელი პირობაა. დღეს ჩვენ კი არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო.

და მოვუწოდებთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, არამხოლოდ მონიტორინგის ნაწილში, არამედ მონიტორინგზე ხელის შეშლის და აკრძალვის ნაწილშიც ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. ვინაიდან დღეს ჩვენ ვიმყოფებით დიქტატურულ რეჟიმში, ქართული ოცნება არ აძლევს საზოგადოებას სამართლიან სასამართლოს და ვერ უზრუნველყოფს სასამართლო საჯაროობას, ხოლო პოლიტპატიმრებს გამოგონილი ბრალდებებით 4, 7 და 10 წელი ციხე ემუქრებათ.

განაცხადა თენგო თევზაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ბრიფინგზე.

დღეს კოალიცია ჩემი ხმა ევროკავშირის წევრმა, სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ოცნება ეუთო/ოდირს რეჟიმის პატიმრების პროცესების მონიტორინგისათვის საჭირო თანხმობას არ აძლევს.

 

კომენტარები