რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა - კიევში დაიღუპა 1 პირი, დაზიანდა მეტროსადგური

ГСЧС

21 ივლისს ღამით რუსეთმა დრონებისა და რაკეტების გამოყენებით უკრაინაზე მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მიხედვით, რუსეთმა ღამის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის რაკეტებით და დრონებით იერიში მიიტანა ხარკოვის, ჩერნიგოვის, კიევის, სუმის, დნიპროპეტროვსკის, პოლტავის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე. 

ქალაქ კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, კიევში რუსულ იერიშებს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. 

კიევის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული იერიშების შედეგად ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში, სუპერმარკეტში, სავაჭრო სივრცეებსა და საწყობებში. ტკაჩენკოს თქმით, აფეთქების შედეგად ნამსხვრევები საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეც მოხვდა. 

გარდა ამისა, კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული თავდასხმის გამო მეტროსადგური ლუკიანოვსკაია დაზიანდა და დაიხურა. ასევე დროებით შეჩერდა მოძრაობა მეტროს ერთ-ერთ ხაზზე. 

ამასთან, კიევში რუსული იერიშის შემდეგ რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა

რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ ივანო-ფრანკოვსკზეც. ქალაქის მერის, რუსლან მარცინკივი წერს, რომ ეს ქალაქზე “სრულმასშტაბიანი შეჭრის დროიდან ყველაზე მასშტაბური თავდასხმა” იყო. 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, იერიშის შედეგად დასახლებაში 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვიც. 

ივანო-ფრანკოვსკის მერის ცნობით, იერიშის შედეგად ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კომენტარები