უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა. შესაბამისა ბრძანება პრეზიდენტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
მეორე ბრძანებით კი ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსანდრ ლიტვინენკო გაათავისუფლა, რომელიც მედიის ცნობით, სერბეთში უკრაინის ელჩის პოსტს დაიკავებს.
რუსტემ უმეროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2023 წლის სექტემბრიდან იკავებდა, მინისტრთა კაბინეტში გუშინ განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი მის ნაცვლად ექსპრემიერი, დენის შმიგალი დაინიშნა.
მედიის ცნობით, უმეროვის კანდიდატურა აშშ-ში უკრაინის ელჩის პოსტზეც განიხილებოდა, თუმცა, დიპლომატიურ თანამდებობაზე საბოლოოდ ყოფილი ვიცეპრემიერი ოლგა სტეფანიშინა წარადგინეს.





