ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, რისი მიზანიც რუსეთის ნავთობისა და ენერგო სექტორისთვის დამატებითი დარტყმების მიყენებაა.
Reuters-ის ინფორმაციით, სანქციების ბოლო პაკეტით დიდი შვიდეული რუსულ ნედლ ნავთობზე დაწესებულ ფასს ბარელზე 60 დოლარიდან 47.6 დოლარამდე შეამცირებს.
სანქციების პაკეტით ასევე იკრძალება Nord Stream-ის გაზსადენთან და რუსულ ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული ტრანზაქციები. ამასთან, კალასმა განაცხადა, რომ პაკეტი მოიცავს რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" დამატებით 105 ხომალდზე სანქციების დაწესებას.
"ევროკავშირმა ახლახან რუსეთის წინააღმდეგ დღემდე ერთ-ერთი უძლიერესი სანქციების პაკეტი მიიღო," დაწერა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა X-ზე.
"ჩვენ საფასურის გაზრდას გავაგრძელებთ, რათა აგრესიის შეჩერება მოსკოვისთვის ერთადერთ გზად იქცეს," დაამატა კალასმა.
სანქციების მიღებას X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც გამოეხმაურა.
"მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ რუსეთის ომის მანქანის გულს ვარტყამთ. მათი საბანკო, ენერგო და სამხედრო-ინდუსტრიული სექტორების მიზანში ამოღებითა და მათ შორის ახალი დინამიკური ჭერით ნავთობის ფასზე," დაწერა ლაიენმა.
მანამდე, 17 ივლისს, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-18 სანქციების პაკეტის მიღებას.
"ძვირფასო მეგობრები, უზარმაზარი ცეცხლის, მუქარების, უხეში სიტყვებისა და კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ ექვსჯერ დავადეთ ვეტო სანქციების მე-18 პაკეტს. სწორად მოგესმათ, ვიმეორებ, ექვსჯერ," დაწერა ფიცომ Facebook-ზე.
ფიცოს თქმით, სლოვაკეთმა "ამჯერად მოლაპარაკების ყოველგვარი გზა ამოწურა და დაბლოკვითი პოზიციის გაგრძელება ახლა ჩვენს ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს."
მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ სლოვაკეთს წერილობითი გარანტია მისცა ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე თანდათანობით უარის თქმასთან დაკავშირებით, რათა სლოვაკეთისგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტზე მხარდაჭერა მოეპოვებინა.





