რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრემლისადმი ტრამპის მუქარის შემდეგ, ჩინეთი რუსეთს "გაღრმავებულ" მხარდაჭერას ჰპირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი პეკინში, 15 ივლისი, 2025 წ.
Maria Zakharova / AP

გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, ჩინეთმა რუსეთისადმი მხარდაჭერის გაღრმავების პირობა დადო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვის სავაჭრო პარტნიორებზე ტარიფების შემოღებით დაიმუქრა და კრემლს უკრაინაში შეთანხმების მისაღწევად 50 დღე მისცა. 

პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა თქვა, რომ რუსეთმა და ჩინეთმა "მრავალმხრივ ფორუმებზე ორმხრივი მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ".

მან დაამატა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ნდობა "გაღრმავდა," და რომ ეს ორი სახელმწიფო "საერთაშორისო ურთიერთობების ახალ მოდელს აყალიბებს."

14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან. 

თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს მოკავშირეებს "მილიარდობით დოლარის" ღირებულების მქონე "საუკეთესო" სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. იარაღის საფასურს კი თავად ევროპული ქვეყნები გადაიხდიან. 

ამას გარდა, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი. 

ტრამპის მუქარაზე პასუხად ჩინეთმა განაცხადა, რომ ისინი აშშ-ს მხრიდან "ყოველგვარ არალეგალურ, ცალმხრივ სანქციას მტკიცედ ეწინააღმდეგებიან".

კომენტარები