რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას დამატებით Patriot-ებს გაუგზავნის

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ უკრაინას დამატებით Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის.

"ჩვენ მათ [უკრაინას] Patriot-ებს გავუგზავნით, რაც უკიდურესად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი ადამიანი გააკვირვა. ის ლამაზად ლაპარაკობს და მერე საღამოს ყველას ბომბავს, მაგრამ აქ პატარა პრობლემაა - ეს მე არ მომწონს," განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს.

ცნობისთვის, აპრილის თვეში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სგან დამატებით 10 ერთეული Patriot-ის სისტემის შესყიდვის სურვილი გამოთქვა.

ტრამპის მიხედვით, უკრაინას შეიარაღება ახალი შეთანხმების ფარგლებში მიეწოდება, რომლითაც აშშ-ს უკრაინისთვის მიწოდებული გარკვეული შეიარაღების საფასურს NATO აანაზღაურებს.

"ჩვენ მათ ძირითადად სხვადასხვა სახის ძალზე დახვეწილ სამხედრო აღჭურვილობას გავუგზავნით. ისინი ამისთვის 100%-ით გადაგვიხდიან და ჩვენც ასე გვსურს," თქვა ტრამპმა.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ორშაბათს, 14 ივლისს, იგი რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს და დაამატა, რომ აშშ უკრაინას შეიარაღებას NATO-ს მეშვეობითაც გაუგზავნის.

ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპთან შესახვედრად ჩადის NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტეც.

კომენტარები