ადამიანის გატაცება

მედია: საქართველოდან გაიტაცეს და, სავარაუდოდ, რუსეთში წაიყვანეს ჩეჩნეთიდან გამოქცეული ქალი

Telegram

განახლება: ტელეგრამ არხი "Осторожно, новости" აქტივისტებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს განახლებულ ინფორმაციას, რომ ჩეჩენი ქალი, რომლის გატაცებაზეც მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, პოლიციის განყოფილებაში ადვოკატებთან ერთად იმყოფება. აქტივისტების თქმით, მას აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს განცხადებას, რომ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღო. ტელეგრამ არხის მიხედვით, ქალის ნათესავები მასთან ერთად არ იმყოფებიან.

რუსული ტელეგრამ არხი "Осторожно, новости" ორგანიზაცია Marem-ის ადამიანის უფლებათა აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ჩეჩნეთიდან ოჯახური ძალადობის გამო გამოქცეული ლაურა ავტორხანოვა თბილისიდან გაიტაცეს და, სავარაუდოდ, რუსეთში წაიყვანეს.

Marem-ის აქტივისტების თქმით, ავტორხანოვა თბილისიდან მისმა დამ და კიდევ ხუთმა ჩეჩენმა გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, მან შეძლო და თავშესაფრის თანამშრომელს, სადაც ის თავს აფარებდა, შეატყობინა, რომ მისმა ნათესავებმა მიაგნეს, რის შემდეგაც მან თანამშრომელს გეოლოკაციური მონაცემებიც მიაწოდა. თუმცა, როდესაც თანამშრომელი ლაურას გადასარჩენად მივიდა, რამდენიმე ჩეჩენმა მას სცემეს, წერს ტელეგრამ არხი.

გავრცელებული ცნობებით, ლაურა ჩეჩნეთიდან ოჯახური ძალადობის გამო გამოიქცა: "ნათესავები მის გადაადგილებას აკონტროლებდნენ და ითხოვდნენ, რომ გამომუშავებული ფული მათთვის დაეთმო. გამოქცევამდე მან სახლში წერილი დატოვა, რომელშიც ითხოვდა, რომ მისი მოძებნა არ ეცადათ. თუმცა, ნათესავები მის მეგობრებს დაემუქრნენ და პოლიციაში განცხადება შეიტანეს. ლაურა თბილისში პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად მივიდა და ძებნილთა სიიდან ამოიღეს. იქ მას დაჰპირდნენ, რომ თუკი ნათესავები ქვეყანაში შემოვიდოდნენ, მას გააფრთხილებდნენ. ეს, სავარაუდოდ, არ მომხდარა." - წერს ტელეგრამ არხი.

Осторожно, новости წერს, რომ თავშესაფრის თანამშრომლის მიხედვით, თბილისის პოლიცია "არაფრის გაკეთებას არ აპირებს," რადგან ისინი არ არიან დაინტერესებული გატაცებული ქალის მოძებნით.

კომენტარები