რუსული რეჟიმი

საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას უწყობს ხელს - ბოჭორიშვილი 17 ქვეყნის განცხადებაზე

მაკა ბოჭორიშვილი

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქართული ოცნების მიმართ ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრებისა და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი განცხადებები საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელების ხელშემწყობია.

"მსგავსი განცხადებები საქართველოს შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას უწყობს ხელს. ეს წერილი ერთგვარად გადაფარავს იმ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა და იმასთან დაკავშირებით იყო მიმართული, რომ თვითმმართველობის არჩევნებს საფრთხე არაფერმა შეუქმნას და მასთან დაკავშირებით რაიმე შემაფერხებელი გარემოებები არ არსებობდეს - თუკი ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ მნიშვნელოვანია.

განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის და აპელირებას არჩევნებზე აკეთებს და მას სამართლებრივ პროცესებს უკავშირებს, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოს შესახებ ცრუ ნარატივები გავრცელდეს და გამყარდეს". - თქვა ბოჭორიშვილმა.

ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, 2025 წლის 11 ივლისის ერთობლივი განცხადება საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით - განცხადებას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.

"ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით.

მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში.

მათი დაკავება, ისევე როგორც თვითნებური დაკავებები და ქართული ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ მზარდი რეპრესია, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას და ქვეყნის ავტორიტარულ სისტემად სწრაფად გარდაქმნას უწყობს ხელს, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს. ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობისკენ.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარების და თანამშრომლობის შეზღუდვა საქართველოს ხელისუფლებასთან. დღეს, საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი კიდევ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ჩვენს ქვეყნებთან ურთიერთობებს.

ჩვენ განვაგრძნობთ საქართველოს ხელისულების ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მხილებას და მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმები, თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ძირის გამოთხრას.

ჯერ კიდევ შესაძლებელია კურსის შეცვლა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონდმებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან" - წერია განცხადებაში

კომენტარები