რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: კიევში მოკლული СБУ-ს პოლკოვნიკი სეპარატისტი მეთაურის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა

10 ივლისს კიევში მოკლული СБУ-ს პოლკოვნიკის მკვლელობის ადგილი/2016 წელს აფეთქების შედეგად მოკლული დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი არსენ პავლოვი, მეტსახელად "მოტოროლა"
Befunky.com

გამოცემა The New York Times უკრაინის სპეცსამსახურების 2 მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ 10 ივლისს კიევში 5 გასროლით მოკლული კაცი უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი ივან ვორონიჩია.

10 ივლისს კიევის ჰოლოსიევსკის რაიონში კაცი მოკლეს. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ კაცი ახლო მანძილიდან ხუთი გასროლით მოკლეს, როდესაც ის ბინიდან გამოდიოდა. ის მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

NYT-ის სტატიის თანახმად ვორონიჩის მკვლელობის უკან შესაძლოა კრემლის სპეცსამსახურები იდგეს.

პოლკოვნიკი ათწლეულობის განმავლობაში მუშაობდა სპეცოპერაციების ცენტრ ალფაში.

გამოცემა წერს, რომ თუ დაზვერვის მაღალჩინოსანი კრემლის ბრძანებით არის მოკლული, ეს იქნება ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დივერსიული სპეცოპერაცია.

The New York Times ასევე წერს, რომ კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში ვორონიჩმა საკვანძო როლი ითამაშა.

უკრაინული მედიები წერენ, რომ ვორონიჩმა 2014 წლიდან არაერთ წარმატებულ და მნიშვნელოვან სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. 

დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივან სტუპაკმა მედია New Voice-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ვორონიჩი მონაწილეობდა სეპარატისტული ბატალიონის, "სპარტას" მეთაურის, არსენ "მოტოროლა" პავლოვის ლიკვიდაციაში.

დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი 2016 წელს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი აფეთქების შედეგად მოკვდა.

კომენტარები