საფრანგეთის არმიის მეთაურმა, გენერალმა ტიერი ბურკარდმა 11 ივლისს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთისთვის "ევროპაში მთავარი მტერი" საფრანგეთია.
ბურკარდის თქმით, რუსეთის გადმოსახედიდან საფრანგეთი მთავარი მტერია, 2022 წლის შემდეგ პარიზის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარების გამო. "ეს პუტინმა თქვა," დაამატა გენერალმა.
პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავები რეგულარულად შედიან ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, რისი "აშკარა" მიზანიც იმ ტერიტორიების მონიტორინგია, რომელიც "ჩვენთვის და ბრიტანელებისთვის მნიშვნელოვანია".
გენერალმა ბურკარდმა ასევე დაამატა, რომ შავი ზღვის თავზე ხშირია "დაძაბულობა და ურთიერთქმედება" რუსულ სამხედრო თვითმფრინავებთან, რაც "ზოგჯერ" ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეშიც ხდება.





