მთელი ღამის განმავლობაში უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა. ჩვენს ცაზე 477 დრონი იყო, უმეტესად რუსულ-ირანული "შაჰედები" და 60 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. რუსები მიზანში იღებდნენ ყველაფერს, რაც სიცოცხლეს უზრუნველყოფს. სმილაში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, დაშავდა ბავშვი. გადაუდებელი სამსახურები მუშაობენ იქ, სადაც ეს საჭიროა.
ამ თავდასხმის მოგერიებისას ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი F-16-ის პილოტი, მაქსიმ უსტიმენკო. დღეს მან 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურა. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მებრძოლ ძმებს. გავეცი მითითება, გამოძიებულ იქნას მის დაღუპვასთან დაკავშირებული ყველა გარემოება. უკრაინელი ავიაცია გმირულად იცავს ჩვენს ცას. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას იცავს.
მოსკოვი არ გაჩერდება, სანამ მას მასშტაბური თავდასხმების უნარი ექნება. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა 114-ზე მეტი რაკეტა, 1 270-ზე მეტი დრონი და თითქმის 1 100 ბომბი. პუტინმა დიდი ხანია მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს ომი, მიუხედავად მსოფლიოს მიერ მშვიდობისკენ მოწოდებისა.
ეს ომი უნდა დასრულდეს - საჭიროა ზეწოლა აგრესორზე და დაცვა. დაცვა ბალისტიკური და სხვა ტიპის რაკეტებისგან, დრონებისგან და ტერორისგან. უკრაინას სჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერება. ეს არის ის, რაც საუკეთესოდ იცავს სიცოცხლეს. არსებობს ამერიკული სისტემები, რომელთა შეძენისთვის მზად ვართ. აშშ-ს, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორის ლიდერობაზე, პოლიტიკურ ნებასა და მხარდაჭერაზე ვამყარებთ იმედს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება.





