რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსული თავდასხმის მოგერიებისას უკრაინამ F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი დაკარგა

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული საჰაერო თავდასხმის მოგერიებისას უკრაინელი პილოტი დაიღუპა, ხოლო მისი F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა.

"პილოტმა სრულად გამოიყენა ბორტზე არსებული შეიარაღება და მოაგერია შვიდი საჰაერო სამიზნე. უკანასკნელის ჩამოგდებისას მისი თვითმფრინავი დაზიანდა და სიმაღლის დაკარგვა დაიწყო". - წერია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პილოტმა ყველაფერი გააკეთა, რათა თვითმფრინავი დასახლებული ადგილიდან მოშორებით გაეყვანა, თუმცა კატაპულტირება ვერ მოასწრო.

სამხედრო უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან ეს F-16-ის ჩამოვარდნის მესამე შემთხვევაა.

უკრაინის არმიის ცნობით, რუსეთმა 29 ივნისის ღამეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის 477 დრონი და 60 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვა, საიდანაც უკრაინულმა ძალებმა 211 დრონი და 38 რაკეტა გაანადგურეს.

კომენტარები