პირველი არხის ეთერში ივანიშვილის კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დახურვის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სახელოსნოს თვითლიკვიდაციის ფაქტი ცნობად მიიღო და აღნიშნულში სამინისტროს მონაწილეობა არ მიუღია.
რუხაძის მტკიცებით, მას ეუბნებიან, რომ სახელოსნოში "არ იყო გაწერილი არც სილაბუსი, არც მეთოდი, არც ვინ რას ასწავლიდა და არავისთან ეს არ იყო შეთანხმებული და ასობით ათასი ლარი გადიოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან" კერძო თეატრის მიზნებზე და "შეფუთული იყო როგორც სახელოსნო".
"თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დახურვა არ იყო ჩვენი გადაწყვეტილება, მათ ბორდი ჰყავთ და ძალიან დიდი ბოდიში [...] [კულტურის სამინისტრომ მოითხოვა ორგანიზაციის წესდება] შეიძლება იმიტომ, რომ აინტერესებდათ უბრალოდ, რადგან ნუსხაში არ არსებობს საერთოდ ეს ორგანიზაცია, მე რომ მივედი. ნამდვილად გენიოსი ადამიანის, მადლობა ღმერთს, რომ ჰყავდა ბატონი თემური ქართულ თეატრს... ეს იყო მისი, როგორც პედაგოგის სახელოსნო, მისი მეთოდით სწავლება და მოხდა ისე, რომ თეატრალურმა დააფუძნა მისი სახელოსნო და ყველანი ბედნიერები ვიყავით. მოხდა ისე, რომ ის აღარ არის, რაც ძალიან მტკივნეულია და არ ვიცი, რატომ აღმოჩნდა ისე, რომ სხვა ადამიანები დარჩნენ იქ.
როგორც მეუბნებიან, იქ არ იყო გაწერილი არც სილაბუსი, არც მეთოდი, არც ვინ რას ასწავლიდა და არავისთან ეს არ იყო შეთანხმებული და ასობით ათასი ლარი გადიოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრაქტიკულად კერძო (კერძო, იცით რა არის?!) კერძო თეატრის მიზნებზე და შეფუთული იყო როგორც სახელოსნო.
[...] თვითონ შეიკრიბა გამგეობა, ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ მათ მიიღეს ეს [თვითლიკვიდაციის] გადაწყვეტილება, რადგან იქ იყო ფინანსური კითხვები, როგორც მე მითხრეს - ლიკვიდაციაზე წასვლა ან ფინანსური აუდიტი. თვითონვე მიხვდნენ, რომ ფინანსური აუდიტი რომ დავიწყოთ უარეს ესკალაციაში შევალთ, რადგან დარღვევებიაო [...] იქვე [თეატრალურ უნივერსიტეტში] დააფუძნონ ის სახელოსნო, თუ ძალიან უნდათ, რა საჭიროა ცალკე ორგანიზაციის დაფუძნება, არც ფული წაგვირთმევია, არც არაფერი გაგვიკეთებია". - თქვა რუხაძემ.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს, 11 აპრილს თემურ ჩხეიძის სახელოსნომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაცია იყო, რომელიც "გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის წინააღმდეგაა მიმართული".
სახელოსნოს თანახმად, ლიკვიდაციის შედეგად 20-მდე პროექტი შეჩერდა და სახელოსნოს 24 თანამშრომელს ხელშეკრულება შეუჩერდა.





