წინასწარი ინფორმაციით, უკრაინაზე რუსული მასობრივი იერიშის შედეგად კიევში, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, 55 კი დაშავდა.
ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტიმურ ტკაჩენკო და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო Telegram-ზე წერენ. ინფორმაციას კიევის მერიც, ვიტალი კლიჩკოც ავრცელებს.
ტკაჩენკოს ცნობით, ამჟამად შენობების ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კიევში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მთლიანი შესასვლელი განადგურებულია. კლიჩკოს ცნობით, იერიშის შედეგად 40-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა განადგურდა.
"ნანგრევებში ადამიანები შეიძლება იყვნენ. არ გამოვრიცხავთ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს". - თქვა კლიჩკომ.
უკრაინის შს მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთმა კიევის სხვადასხვა რაიონებში 27 ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
კლიმენკომ დაამატა, რომ ოდესის ოლქში დამატებით 6 ადამიანი არის ტრავმირებული, ხოლო ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში თითო-თითო ადამიანი დაშავდა.
17 ივნისის ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი იერიში მიიტანა.





