აშშ

აშშ-ში მინესოტის შტატის კონგრესმენებზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს

ABCNews

აშშ-ში მინესოტის შტატის კონგრესმენებზე თავდასხმაში ბრალდებული პირი, ვენს ბოლტერი დააკავეს

სამართალდამცავთა აზრით, 57 წლის ბოლტერმა მინესოტის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრს, მელისა ჰორტმანსა და შტატის სენატორს, ჯონ ჰოფმანს და მათ მეუღლეებს ესროლა. თავდასხმის შედეგად ჰორტმანი და მისი მეუღლე დაიღუპნენ, ჰოფმანი და მისი მეუღლე კი მძიმედ დაშავდნენ. 

სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბოლტერს ბრალად პირველი ხარისხისა და მეორე ხარისხის მკვლელობა ედება ბრალად. 

"პოლიციის მტკიცე და შეუპოვარი მუშაობის შემდეგ მკვლელი ახლა დაკავებულია. ერთად მომუშავე რამდენიმე სამსახურის მონდომებისა და ასევე საზოგადოების მხარდაჭერის წყალობით სამართალი ერთი ნაბიჯით უფრო ახლოსაა". - წერია რემზის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, ბოლტერი მინესოტის შტატში, ქალაქ გრინ-აილში მის ფერმასთან ახლოს ტყეში დააკავეს და დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არცერთი სამართალდამცავი არ დაშავებულა.

გარდა ამისა, პოლიციის თანახმად, გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ ბოლტერმა თავდასხმები მარტომ მოაწყო, თუმცა საკითხს "სრულად გამოიძიებენ", რათა დარწმუნდნენ.

სამართალდამცავთა ცნობით, ბრალდებული ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების დისტანციური კამერით ტყეში გადაღებული კადრების დახმარებით იპოვეს.

პოლიციის თქმით, ბოლტერის მოსაძებნად, მათ შორის, ვერტმფრენი, დრონები და ინფრაწითელი ტექნიკა გამოიყენეს.

პოლიციის ცნობით, მსროლელი თავს პოლიციელად ასაღებდა და ყალბი უნიფორმა ეცვა, მსხვერპლთა კარებზე აკაკუნებდა და გამოსვლას სთხოვდა.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, მსროლელის მანქანაც პოლიციისას ჰგავდა. მისი ჩხრეკისას სია აღმოაჩინეს, რომელშიც დაახლოებით 70 პოტენციური მსხვერპლი და სხვა "მრავალი კანონმდევებლი" იყო მოხსენიებული.

მოგვიანებით, პოლიციამ ბრალდებულთან დაკავშირებულ სახლში ახალი სია აღმოაჩინა, რომელიც ათზე მეტ პოტენციურ სამიზნეს მოიცავდა.

თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ ბრალდებულის საკუთრებაში აღმოჩენილი ნაწერი უფრო მეტად "დღიურს" ჰგავს, ვიდრე "ტრადიციულ მანიფესტს, რომელიც სხვადასხვა იდეოლოგიებზე ტრაქტატია". 

მინესოტის შტატის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა ჰორტმანის მკვლელობას "პოლიტიკური მკვლელობა" უწოდა.

უოლცმა პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ შტატი ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლიანობამ იზეიმოს და ასევე პოლიციას მადლობა გადაუხადა. 

"შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ მინესოტის შტატის სრულ ძალისხმევას ჩავდებთ იმის უზრუნველყოფაში, რომ სამართლიანობამ იზეიმოს და პირი, რომელიც ამაზე პასუხისმგებელია, გამოუთქმელი დანაშაულისთვის სასჯელს მოიხდის". - თქვა უოლცმა.

14 ივნისს აშშ-ში მინესოტის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრს, მელისა ჰორტმანსა და შტატის სენატორს, ჯონ ჰოფმანს თავიანთ სახლებში ესროლეს - ჰორტმანი სროლის შედეგად დაიღუპა, ჰოფმანი კი მძიმედ დაიჭრა.

კომენტარები