აშშ-ში მინესოტის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრს, მელისა ჰორტმანსა და შტატის სენატორს, ჯონ ჰოფმანს თავიანთ სახლებში ესროლეს - ჰორტმანი სროლის შედეგად დაიღუპა, ჰოფმანი კი მძიმედ დაიჭრა.
მსროლელი კანონმდებელთა მეუღლეებსაც დაესხა თავს. ჰორტმანის ქმარი თავდასხმას ემსხვერპლა.
მინესოტას გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა თქვა, რომ სროლა, სავარაუდოდ, "პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობაა".
უოლცის ცნობით, ჰოფმანი და მისი ცოლი თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდნენ და საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდათ.
"ფრთხილად ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ამ მკვლელობის მცდელობას გადაურჩებიან". - თქვა უოლცმა.
სამართალდამცავები კვლავ ეძებენ მსროლელს, რომელიც პოლიციელად ასაღებდა თავს და ყალბი უნიფორმა ეცვა.
პოლიციის ცნობით, მსროლელი მსხვერპლთა კარებზე აკაკუნებდა და გამოსვლას სთხოვდა.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, მსროლელის მანქანაც პოლიციისას ჰგავდა. მისი ჩხრეკისას სია აღმოაჩინეს, რომელშიც სხვა "მრავალი კანონმდებელი" იყო მოხსენიებული.
პოლიციის ცნობით, სიაში მოხსენიებული პოლიტიკოსების დასაცავად დანაყოფები გაგზავნეს.
თეთრი სახლის სპიკერი, კეროლაინ ლივიტი X-ზე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ავრცელებს.
"ინფორმაცია მომაწოდეს მინესოტაში მომხდარი საზარელი სროლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, შტატის კანონმდებლების წინააღმდეგ დამიზნებული თავდასხმაა. ჩვენი გენერალური პროკურორი, პემ ბონდი და FBI სიტუაციას იძიებენ და ნებისმიერ მონაწილე პირის წინააღმდეგ კანონის სრული სიმკაცრით აღძრავენ სამართლებრივ დევნას. ამგვარი საშინელ ძალადობას ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მოვითმენთ. ღმერთმა დალოცოს დიდი მინესოტელი ხალხი, ნამდვილად დიდი ადგილია!" - თქვა ტრამპმა ლივიტის თანახმად.
აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ თქვა, რომ "შტატის კანონმდებლების წინააღმდეგ სავარაუდო დამიზნებული თავდასხმის შემდეგ მინესოტაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება".





