უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР) ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თქმით, მომავალ კვირაში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლა იგეგმება.
ბუდანოვის თქმით, მხარეები ამის შესახებ 2 ივნისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ.
"სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რეპატრიაციის ღონისძიებების დაწყება მომავალ კვირას არის დაგეგმილი". - დაწერა ბუდანოვმა ტელეგრამზე.
ტყვეთა საქმეებზე მომუშავე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ცხედრების გაცვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ბუდანოვი რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციულ კამპანიასაც გამოეხმაურა.
"ზოგიერთი რუსი პროპაგანდისტის მცდელობა, რომ ადამიანური ტანჯვა საკუთარი სარგებლიანობისთვის გამოიყენონ, რომლის მიზეზიც თავად არიან, განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს. განსაკუთრებით დღეს, როცა ჩვენ სულთმოფენობის დიდ დღესასწაულს აღვნიშნავთ". - აღნიშნა ბუდანოვმა.
მანამდე, 7 ივნისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც, თითქოს, უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებით სავსე მაცივრები ჩანდა.
2 ივნისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა ტყვეების გაცვლის კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს: დელეგაციები შეთანხმდნენ ყველა მძიმედ ავადმყოფი და 25 წლამდე ტყვეების გაცვლაზე.





