აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ჩინეთმა აშშ-სთან 11 მაისს დადებული სავაჭრო შეთანხმება "სრულად" დაარღვია.
"ორი კვირის წინ ჩინეთი მძიმე ეკონომიკური საფრთხის წინაშე იდგა! ჩემ მიერ დაწესებული ძალიან მაღალი ტარიფები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ჩინეთისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ევაჭრა, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი ბაზარია. ჩვენ ფაქტობრივად ჩინეთთან მიმართებით "ცივ ტაკტიკაზე" გადავედით და ეს მათთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ბევრმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, "სამოქალაქო არეულობა" იყო.
ვუყურებდი მოვლენებს და ეს არ მომწონდა არც მათთვის, არც ჩვენთვის. ამიტომ სწრაფად მივაღწიე შეთანხმებას ჩინეთთან, რათა გადამერჩინა ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობისგან, რომელიც, ჩემი აზრით, შეიქმნებოდა და არ მინდოდა მსგავსი რამ მომხდარიყო". - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამ შეთანხმების წყალობით, სიტუაცია სწრაფად დასტაბილურდა და ჩინეთმა ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობა განაგრძო.
"ყველა კმაყოფილი იყო! ეს კარგი ამბავია!!! ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ჩინეთმა, რაც ალბათ ზოგიერთს არც გაუკვირდება, სრულად დაარღვია ჩვენს შორის დადებული შეთანხმება. აი "კარგ ბიჭად" ყოფნის შედეგი". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
12 მაისს აშშ და ჩინეთი, სავაჭრო ომის დეესკალაციის მიზნით, 90 დღის განმავლობაში ერთმანეთზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ.
ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ვაშინგტონი ჩინურ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 145%-იან ტარიფს 30%-ით შეამცირებდა, ხოლო პეკინი ამერიკულ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 125%-იან ტარიფს – 10%-ით.
30 მაისს აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა თქვა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები "ოდნავ შეფერხებულია" და შესაძლოა, დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს შორის სატელეფონო ზარის მეშვეობით პროცესის გამოცოცხლება გახდეს საჭირო.
"ვთვლი, რომ მომდევნო კვირებში კიდევ გვექნება მოლაპარაკებები და მჯერა, რომ გარკვეულ ეტაპზე ზარი იქნება პრეზიდენტსა [ტრამპი] და [ჩინეთის კომუნისტური] პარტიის თავმჯდომარე სის შორის," - თქვა ბესენტმა Fox News-თან.





