აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრიუსის ცნობით, 28 მაისს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინასთან დიალოგის "კეთილი ნებით" წარმართვისკენ მოუწოდა.
"სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ელაპარაკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. რუბიო მიესალმა შაბათ-კვირას რუსეთისა და უკრაინის მიერ "1000-1000-ზე" პატიმრების გაცვლას. მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტი ტრამპის მოწოდება უკრაინასთან კონსტრუქციული, კეთილი ნების დიალოგის გამართვის შესახებ, როგორც ამ ომის დამთავრების ერთადერთ გზად." - წერია აშშ-ს სახდეპის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლავროვმა უკრაინას 2 ივნისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საკუთარი მემორანდუმი წარუდგინოს.
16 მაისს სტამბოლში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 2022 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. შეხვედრა არც თუ ისე წარმატებით დასრულდა. პუტინს სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია ჰყავდა გაგზავნილი, ხოლო ამავე დელეგაციის მიერ შეხვედრაზე გახმოვანებული მოთხოვნები უკრაინისთვის მიუღებელი აღმოჩნდა – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის რამდენიმე ტერიტორიიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა.
მანამდე, თეთრი სახლის სპეციალურმა წარმომადგენელმა კით კელოგმა X-ზე რუსულ მხარეს "ერთი კვირის წინ" შეპირებული მემორანდუმის გადაცემისკენ მოუწოდა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი "უპასუხისმგებლო" განცხადების გაკეთებისთვის გააკრიტიკა.
25 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აღნიშნა, რომ "აბსოლუტურად" განიხილავს რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას.
მოგვიანებით კი ტრამპმა სოციალურ ქსელში პუტინს "სრულიად შეშლილი" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს "რაღაც დაემართა", ვინაიდან უკრაინაში "უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს", ხოლო უკრაინულ ქალაქებს "რაკეტები და დრონები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს".
ამასთანავე, ტრამპმა Truth Social-ზე ვლადიმირ პუტინის მიმართ მუქარის შემცველი პოსტიც გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ პუტინი "ცეცხლს ეთამაშება".
28 მაისს ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ თუკი პუტინი იტყუება ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მაშინ აშშ ამას განსხვავებულად უპასუხებს.
"არ ვიცი, მაგრამ ორ კვირაში გეტყვით. ჩვენ მალე გავარკვევთ, გვატყუებს თუ არა ის. თუ კი, ჩვენ განსხვავებულად ვუპასუხებთ." - თქვა ტრამპმა.





