თაღლითობა

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლა – საგამოძიებომ ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 6-9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამ მიწის ნაკვეთს, საერთო მოცულობით 3 800 კვ.მ., რომლის საბაზრო ღირებულებაც 250 000 ლარს აღემატება.

დამატებით გრძელდება ღონისძიებები სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და  დამნაშავე პირთა დადგენა-მხილების მიზნით" - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები