თბილისის მერია

სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - კალაძე

თბილისის განვითარების ფონდი სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. 

"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არაერთი ასეთი პროექტი განვახორციელეთ. მთლიანად უბნების განახლება, როგორიც იყო ორბელიანის მოედანი, მიმდებარე ქუჩები, გუდიაშვილი და, რა თქმა უნდა, შემდეგი ეს არის სულხან-საბა ორბელიანის და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია, განახლება. სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე, სულხან-საბას და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რომლებიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. აღნიშნული გულისხმობს ამ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ განახლება-მოწესრიგებას. ამ ეტაპის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5 მილიონამდე ლარი." - თქვა ქალაქ თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მეორე ეტაპი გულისხმობს აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე შენობების რესტავრაციას. მათი ნაწილი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე.

"რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება. მათგან 8 შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა შეადგენს 45 000 კვადრატულ მეტრს, ბენეფიციარების საერთო რაოდენობა კი-469. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას და გადახურვის შეცვლას გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. ორივე ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთაგან ძირითადი ნაწილი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე არის უმძიმეს მდგომარეობაში, შესაბამისად, მისი მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაციას არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანობაში, დაახლოებით, 115 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ სამუშაოებისთვის და კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი, სივრცე შეიქმნება ძველ თბილისში." - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, სამუშაოები მალე დაიწყება და რომელი კომპანია შეირჩევა ამასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით მოგვაწვდიან ინფორმაციას.

კომენტარები