WP: უკრაინა ზაფხულში რუსეთის მხრიდან მასშტაბური შეტევისთვის ემზადება

გამოცემა Washington Post უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, 2025 წლის ზაფხულში უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქის მიმართულებით ფართომასშტაბიან შეტევას წამოიწყებს.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავაც დარწმუნებულია, რომ ომს სამხედრო გზით მოიგებს, თუმცა დასავლეთის სანქციები და მძიმე დანაკარგები რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებს ამცირებს. ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე ზაფხული, შესაძლოა, ფართო შეტევის დასაწყებად პუტინის ბოლო შანსი იყოს.

გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ეს შეტევა უკვე დაწყებულია. 

უკრაინელი ანალიტიკოსების ვარაუდით, დონეცკის მიმართულებასთან ერთად, რუსეთი იერიშებს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუმისა და ხარკოვის რეგიონების საზღვარზეც მიიტანს, რათა უკრაინის ისედაც გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე დამატებითი ზეწოლა შექმნას.

"რუსეთის მიზანია უკრაინის ძალების მიბმა ფრონტის ხაზზე, მათ შორის სუმისა და ხარკოვის რეგიონებში". - ამბობს უკრაინის ეროვნული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსი, მიკოლა ბიელიესკოვი. 

უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სამხედრო მობილიზაციის გეგმებს ასრულებს, მათ მაინც არ ჰყოფნით ძალები, რათა რამდენიმე წარმატებული შეტევა ერთდროულად წამოიწყონ.

"მათი ყურადღების ცენტრში დონეცკის რეგიონი იქნება. ყველაფერი დანარჩენი უკრაინული რესურსებისა და ყურადღების გაფანტვის მცდელობა იქნება". - აცხადებს ბიელიესკოვი.

Washington Post წერს, რომ 2024 წლის თებერვალში დონეცკის ქალაქ ავდიივკას ასაღებად რუსეთს 80 000 ჯარისკაცი დასჭირდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ამჟამად სუმისა და ხარკოვის საზღვართან 125 000 რუსი სამხედროა განლაგებული, რაც ორ რეგიონულ ცენტრზე იერიშის მისატანად არასაკმარისია.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის, ანდრიი ჩერნიაკის თქმით, მეტად მოსალოდნელია, რომ ეს ძალები უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორიებზე ვიწრო მონაკვეთების დასაპყრობად გამოიყენონ.

მისი თქმით, რუსეთი ამ მონაკვეთებს "ბუფერულ ზონებად" გამოიყენებს, რათა კურსკისა და ბელგოროდის მიმართულებით  უკრაინული თავდასხმები აღკვეთოს.

კომენტარები