ნეონაცისტური დაჯგუფება მანიაკთა მკვლელობის კულტის ლიდერი, მიხაილ ჩხიკვიშვილი, რომელიც ნიუ-იორკში ებრაელი ბავშვების კანფეტებით მოწამვლას გეგმავდა, მოლდოვამ აშშ-ს გადასცა.
21 წლის მიხაილ ჩხიკვიშვილი 23 მაისს ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში წარდგა, სადაც მას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წახალისებასა და მასობრივი ძალადობის მოწოდებაში ბრალი წარედგინა.
ჩხიკვიშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატის, სამუელ გრიგორის განცხადებით, დაცვის მხარემ ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება და თვითმკვლელობის პრევენციულ მეთვალყურეობაზე გადაყვანა მოითხოვა.
პროკურორების თქმით, ჩხიკვიშვილი, რომელიც თავს "მეთაურ ყასაბს" უწოდებს, "მანიაკთა მკვლელობის კულტის" ლიდერია.
2022 წლიდან ჩხიკვიშვილი რამდენჯერმე იმყოფებოდა ბრუკლინში, სადაც, პროკურატურის ინფორმაციით, ხანდაზმულ ებრაელ კაცს სცემა და "მანიაკთა მკვლელობის კულტის" სახელით ძალადობრივი ქმედებების მოწოდებებს ტექსტური შეტყობინებებით ავრცელებდა.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 2023 წელს მასთან კონტაქტზე გავიდა ფედერალური ბიუროს (FBI) შენიღბული აგენტი, რომელსაც ჩხიკვიშვილმა "თოვლის ბაბუად" გადაცმა და მოწამლული კანფეტების ბრუკლინის ებრაული სკოლის მოსწავლეებისთვის დარიგება დაავალა.
ჩხიკვიშვილი 2024 წლის ივლისში მოლდოვაში დააკავეს.
ჩხიკვიშვილის საქმეზე უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ - ჩხიკვიშვილის საქმე და სადისტური ჯგუფები – მანიაკები ინტერნეტის ბნელი კუთხეებიდან





