უკრაინული მედია Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა 23 მაისს ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა დაიწყეს 2014 წელს ომის დაწყების შემდეგ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ პატიმართა გაცვლის პირველი ეტაპის ფარგლებში 390 უკრაინელი ტყვე გაათავისუფლეს.
"ჩვენს ხალხს სახლში ვაბრუნებთ. [ტყვეების] '1000-1000-ზე' გაცვლის შეთანხმების პირველი ფაზა შედგა. დღეს - 390 ადამიანი. შაბათსა და კვირას გაცვლა გაგრძელდება." - დაწერა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გაცვლის პირველი ფაზით რუსეთში 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი დაბრუნდა.
16 მაისს სტამბოლში გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში ორივე მხარე 1000 ომის პატიმარს გაათავისუფლებს.
"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება და ყოველდღე 24 საათი მუშაობს უკრაინელი კაცებისა და ქალების სახლში დასაბრუნებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტყვეობაში დარჩენილებიდან ყველა დავაბრუნოთ." - დაამატა ზელენსკიმ.





